გიორგი გახარია: მთის კანონის შეღავათებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 25 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს
“მთის კანონი იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები განიხილავენ მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც 58 სოფელს შეეხება.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება გახლავთ. ეს კანონი შეეხება 58 სოფელსა და, დაახლოებით, 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. ამ კანონის ძირითადი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ესეც იყო ჩენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.