ლელა აქიაშვილი: მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში შექმნის უფრო წარმომადგენლობით გარემოს და თვისობრივად გაზრდის პოლიტიკის წარმოების ხარისხსაც

„სტერეოტიპების არსებობის მიუხედავად, აღსანიშნავია პროგრესი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით. დღეს მსოფლიოში უფრო მეტ ქალს უჭირავს საჯარო თანამდებობა და მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, ვიდრე – ისტორიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება – 1992 წლიდან, როდესაც პარლამენტში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 6% იყო, 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ამ ტემპებით რომ გავაგრძელოთ კიდევ 95 წელი დაგვჭირდება თანაბარი წარმომადგენლობის მისაღწევად. ჩვენ კი ამდენი დრო არ გვაქვს, ვინაიდან ვართ იმ გლობალური ოჯახის ნაწილი, რომელსაც სურს, 2030 წლისთვის ჰქონდეს თანაბარი წარმომადგენლობა. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, ტემპს ავუჩქაროთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის, ვიმუშაოთ არჩევნებსა და პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებასა და პრევენციაზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დღეს The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართა.

მისივე თქმით, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების გზაზე გადის. შესაბამისად, ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ისეთ თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი, სექსუალური შევიწროების პასუხისგების მექანიზმების დანერგვა, მონაცემების შეგროვება, მავნე პრაქტიკების აღმოფხვრა და ა.შ.

როგორც ლელა აქიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში შექმნის უფრო წარმომადგენლობით გარემოს და, ასევე, თვისობრივად გაზრდის პოლიტიკის წარმოების ხარისხსაც. მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება.

„ერთი მხრივ, უნდა გაიზარდოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მოთხოვნა საზოგადოებაში, რასაც თავისთავად მოჰყვება მიწოდების გაზრდა, მეორე მხრივ კი ეს დაეხმარება ქალებს, დაძლიონ არსებული ბარიერები და აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – აღნიშნა პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

ლელა აქიაშვილმა პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ბოლო ორი თვის განმავლობაში ფემიციდის შემთხვევებზე. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი ამ მიმართულებით. პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ, ამ ეტაპზე, ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისია მუშაობს სხვდასხვა უწყებასთან, რათა სიღრმისეულად გაანალიზდეს, თუ რა სერვისებისა და მიდგომების ნაკლებობაა ქვეყანაში ამ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი და ახლა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. ასევე, დამკვიდრდა მოძალადეთა მონიტორინგის, რისკების შეფასებისა და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის სისტემები. მიმდინარეობს გამომძიებელთა მუდმივი გადამზადება. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდა შემაკავებელ ორდერთა დარღვევის მაჩვენებელი, თუმცა ნათელია, რომ სიტუაცია უკვე სცდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების არეალს და ყველა უწყების კოორდინირებულ ქმედებას მოითხოვს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

გაერო-ს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, საერთაშორისო განვითარების პარტნიორები და ელჩები ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში საკმაოდ შთამბეჭდავი სიტუაციაა ქალი პოლიტიკოსების რიცხვისა და ქალების, როგორც გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიმართულებით, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საკმარისი არ არის.

„უნდა დამკვიდრდეს, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში – ეს არის ჩვეულებრივი რამ. ამას დროს სჭირდება და, ასევე, სჭირდება სანიმუშო მაგალითები, რაც საქართველოში უკვე სახეზეა”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

საკითხზე, აგრეთვე, ისაუბრა ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

„ევროკავშირს სრულიად ღრმად და გულწრფელად სწამს, რომ, რაც მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, ეს მით უკეთეს შედეგებს მოიტანს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ჩვენი დიდი იმედი და მიზანია, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში ქალების რაოდენობა 16 %-ზე მეტი იყოს”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

როგორც ბრიტანეთის ელჩმა, ჯასთინ მაქენზი სმითმა აღნიშნა, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინოს ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების მიმართ.

„ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს NDI-სთან ერთად და ჩვენ გვსურს, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქალი კანდიდატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს,”- აღნიშნა ჯასთინ მაქენზი სმითმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა, რომ ჯერ კიდევ 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 5 ქალი იყო, რაც უნდა იქცეს ერთგვარ ინსპირაციად სამომავლოდ.

გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, რაც მთელ მსოფლიოში გავრცელებული გამოწვევაა.

შეხვედრის მიზანი საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრობლემის პრევენციისა და აღმოფხვრის ნაწილში საჭირო ზომების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები