არჩილ თალაკვაძე: დასავლეთი საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას მხარს არასოდეს არ დაუჭერს
“თუ ყურადღებით ნახავთ კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინტერვიუს, კონგრესმენმა მოუწოდა ყველა მხარეს, პასუხისმგებლობა გააცნობიეროს და გადადგას ნაბიჯები შეთანხმებისაკენ. ჩვენ ნაბიჯები გადავდგით, არსებობს კონკრეტული სამართლიანი შეთავაზებები და პირობები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას მხარს არასოდეს არ დაუჭერს.
“თუ ყურადღებით ნახავთ ამ ინტერვიუს, კონგრესმენმა მოუწოდა ყველა მხარეს, პასუხისმგებლობა გააცნობიეროს და გადადგას ნაბიჯები შეთანხმებისაკენ. ჩვენ ნაბიჯები გადავდგით და, როგორც იცით, ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც იყო ჩვენი პარტნიორების თუ ოპოზიციის მოთხოვნები არსებობს კონკრეტული სამართლიანი შეთავაზებები და პირობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, კონგრესში ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი პოზიცია არის საერთო. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის – ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილში, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია აქვთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გააგრძელონ.