მაია ცქიტიშვილი: საქართველოს ყველა სფეროში აქვს წინსვლა, როგორც საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე იმ მაჩვენებლებში, რომლებიც ეკონომიკურ მდგრადობას განსაზღვრავენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ევროპის 2019 წლის „თავისუფლების ბარომეტრში“ საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც საქართველო დაწინაურდა, ნიშნავს იმას, როგორც არის შეფასებული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.
მისივე თქმით, საქართველოს პრაქტიკულად ყველა სფეროში წინსვლა აქვს.
„საქართველოს ყველა სფეროში აქვს წინსვლა, როგორც საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე იმ მაჩვენებლებში, რომლებიც განსაზღვრავენ ეკონომიკურ მდგრადობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამაზე მეტყველებს დღეს გამოქვეყნებული რეიტინგიც, სადაც საქართველო დაწინაურდა და პრაქტიკულად ორჯერ უფრო გააუმჯობესა პოზიციები, 27-ე ადგილზეა და რა თქმა უნდა, ესეც არის მაგალითი, როგორ არის შეფასებული ის რეფორმები, რაც ხორციელდება და ეს რეფორმები უკვე აისახება საერთაშორისო შეფასებებში. აქ შეფასება გაკეთდა როგორც ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით, ასევე ზრდის დინამიკასთან მიმართებაში, ასევე ჩვენი ინსტიტუციების სიძლიერის თვალსაზრისით. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის შეფასებულია არა მარტო ეკონომიკური რეფორმებია შეფასებული დადებითად, არამედ სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.