თამარ გაბუნია: კორონავირუსის გამო იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კორონავირუსის გამო იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება.

მისივე თქმით, მოსალოდნელია სასაზღვრო პუნქტებში, როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები უფრო გამკაცრდეს.

„ჯერ მაღალი რისკის ქვეყნებად რჩება ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი. ამდენად, საქართველომ ამ მიმართულებით მიიღო უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და ასევე, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავი რჩება, თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში, როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები. ამ დროისთვის კარანტინი შეეხო საქართველოს იმ 34 მოქალაქეს, რომელიც დაბრუნდა ჩინეთიდან. არც ერთ მათგანს აღენიშნება სიმპტომი, თუმცა ისინი რჩებიან ჯერ კარანტინში. კარანტინთან ერთად ასევე შესაძლებელია თვითიზოლაციის ვარიანტის განხილვაც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგები შეაფასებენ თვითიზოლაციისთვის პირობებს და ამის გათვალისწინებით მოხდება კარანტინიდან გადაყვანა თვითიზოლაციის პირობებში. ჯერ არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებას არ განვიხილავთ. გლობალური ტენდენციები კორონავირუსის ჩინეთში გარკვეული სტაბილიზაცია აღინიშნება, თუმცა, სხვა ქვეყნებში როგორც ვხედავთ ახლა დაიწყო ახალი შემთხვევების გამოვლენა. ჯერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულად ვერ ასახელებს მოსალოდნელი სტაბილიზაციის თარიღს და არც იმაზე კეთდება განცხადებები თუ რა ტენდენციას უნდა ველოდოთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები