“საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ვითარება იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საფრთხეს ქმნის”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირი საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას დღემდე მოკლებულია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება ქმნის იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას.
„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირი საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას დღემდე მოკლებულია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობა ვერ იქნება და არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, რომლებიც მოკლებულნი არიან მინიმალურ უსაფრთხოების ზომებს დევნის საშიშროების პირობებში. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი ადამიანის უფლებათა საბჭოს, მტკიცე პოზიცია არსებითია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ვგეგმავთ საბჭოს მიმდინარე სესიაზე რეზოლუცის- „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გატანას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე. თუმცა ადგილზე პოზიტიური ცვლილებების ერთადერთი გზა ვალდებულებების შესრულების დაწყებაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.