სალომე ზურაბიშვილი: ქართველ სამხედროებს აქვთ ის საბრძოლო შემართება, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა იცი რისთვის იბრძვი, იუნკერებმა იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ

ქართველ სამხედროებს აქვთ ის საბრძოლო შემართება, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა იცი რისთვის იბრძვი, იუნკერებმა იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“ძალიან იშვიათია იდგე იმ ადგილას, სადაც მართალნი განისვენებენ. ეს არის ის ადგილი, სადაც 23 თებერვალს დაიკრძალნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც კოჯორ-ტაბახმელაში პირველივე დღეებში დაიღუპნენ. იუნკერები რუსთაველის გამზირიდან წავიდნენ შემართებით. უამრავი მოგონება არსებობს რა შემართებით გადიოდნენ ქალაქიდან ქვეყნის დასაცავად, ისე რომ, უკან არ მოუხედავთ, არ უფიქრიათ რა იქნებოდა კოჯორსა და ტაბახმელაში ამ ცივ თვეში, როგორი იქნებოდა მათი ბედი. ეს არის ქართველი მხედრების ბედი ავღანეთსა, თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც უწევთ ბრძოლა. მათ აქვთ ეს საბრძოლო შემართება, რომელიც მოდის მხოლოდ მაშინ, როცა იცი რისთვის იბრძვი. მათ ვინც აქ განისვენებენ იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ. იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ღირსია ამ ბრძოლის, ამ თავშეწირვის და ეს არის ის, რაც მათ დაგვიტოვეს როგორც მაგალითი, რომელიც შემდეგ თაობებს უნდა გადავცეთ იმისათვის, რომ იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ღირსია ჩვენი გაერთიანების, ჩვენი შერიგების და ბოლომდე ბრძოლის. ძალიან ვწუხვარ, რომ აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არაა შეკრებილი. სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ აქ ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას საბჭოთა ჰიმნი გააჟღერა. ეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა შეურაცხყოფაა. ყველაფერი შეიძლება: ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ არის რაღაც, რაც არ შეიძლება და ესაა ის, რაც უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ უნდა ვიყოთ ერთიანნი “, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები