ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი იდეა არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, სწორედ ამ იდეას შესწირეს ჩვენმა იუნკერებმა თავი 100 წლის წინ

 

დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენი იუნკრების სამაგალითო და საამაყო მოღვაწეობას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ღარიბაშვილის თქმით, იუნკერებმა 100 წლის წინ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის იდეას შესწირეს თავი.

„მინდა, შევუერთდე აქ პატივცემულ გამომსვლელებს და მართლაც კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ჩვენი ძვირფასი, ჩვენი გმირების ღვაწლი და ის დიდი საფასური, რომელიც მათ გაიღეს. ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ადამიანმა გაიღოს, ეს არის საკუთარი სიცოცხლე, დღეს აქ ვიკრიბებით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენი იუნკერების მართლაც სამაგალითო და საამაყო მოღვაწეობას. ძალიან რთულია, რომ ახალგაზრდამ საკუთარი სიცოცხლე გაიღოს, მაგრამ ძალიან საამაყოა, რომ სწორედ ამ იდეას შესწირა ჩვენმა ახალგაზრდობამ თავი. ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული, თუმცა ამავდროულად ძალიან საამაყო დღე იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვახსოვს და ეს არის მაგალითი ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვისწრაფვოდეთ იდეისკენ. ჩვენი მთავარი იდეა არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, სწორედ ამ იდეას შესწირეს ჩვენმა იუნკერებმა თავი 100 წლის წინ. საოცარი ისტორიები ვიცით ჩვენ ჩვენი იუნკერების და სწორედ ამ ისტორიებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა, უნდა იყოს ეს სამაგალითო ჩვენი ახალგაზრდობისთვის, რომელიც მჯერა, რომ გაიზიარებენ, გაითვალისწინებენ ჩვენი იუნკერების მართლაც გმირულ ისტორიებს. დღეს უამრავი გამოწვევაა საქართველოში, მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრი საცდური არსებობს და ისინი ხშირად ცდებიან ძირითად კურსს და ძირითად იდეას, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ამიტომ ჩვენი, როგორც მთავრობის და ხელისუფლების, პასუხისმგებლობა არის, რომ სწორედ ასეთი იდეებით აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იუნკერების ხსოვნის და დიდების წინაშე, დიდება ჩვენს გმირებს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ დიდებულ გმირებს“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები