კახა კალაძე: ახალგაზრდულ ფორუმი არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა არის გასაკეთებელი ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე
ეს არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა არის გასაკეთებელი ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, რა არის გამოსასწორებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან დამსწრეებს და ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
“მინდა, მადლობა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის და, რა თქმა უნდა, მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ფორუმის ორგანიზატორებს. უკვე მეორე წელია, ახალგაზრდული ფორუმი იმართება. შარშან ჩვენ დედაქალაქში, თბილისის საკრებულოში შევხვდით ერთმანეთს, შედარებით ცოტანი ვიყავით, თუმცა, დღეს, ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესწრება ღონისძიებას.
ეს არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ ვიმსჯელო, თუ რა არის გასაკეთებელი ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, რა არის გამოსასწორებელი. ამ პროცესში თქვენი, ახალგაზრდების ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში.
პრემიერმა ისაუბრა, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლება და განათლების რეფორმა. ჩვენ შეგვიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბროთ სხვადასხვა მიმართულებაზე, არაერთი პროექტის განხორციელებაზე, თუმცა ყველაფერი დაფუძნებულია განათლებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი წავა სწორედ ამ მიმართულებით, რათა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა ჰყავდეს ქვეყანას. შემდეგ უკვე, თქვენი განათლება უნდა გამოვიყენოთ საქართველოს საკეთილდღეოდ.
მე, როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. აქ ვხედავ ნაცნობ სახეებს, რომლებთან ერთადაც ამ პროექტებს უკვე მესამე წელია ვახორციელებთ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, ჩართულობის მეტი შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი ხედვები და იდეები ვაქციოთ რეალობად.
კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი და ხვალინდელი დღე, ამ ფორუმის ფარგლებში, რეალურად მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იმსჯელოთ სხვადასხვა საკითხსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს ყველას. ასევე, დასახოთ გეგმები, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობის დონეზე გვაქვს და გვაწუხებს ყველას.
მინდა, წარმატებები გისურვოთ და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც თქვენ თვლით საჭიროდ ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.