ნანა კაკაბაძე: მერაბიშვილი ციხიდან კი არა, „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა, თან იმ ფონზე, როცა გვახსოვს, როგორი გამოვიდა ციხიდან მოლაშვილი, მირცხულავა
ხომ ამბობენ, რომ გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პატიმარიაო, გუშინ, რომ შევხედე, როგორი გამოვიდა მერაბიშვილი ციხიდან, როგორ გამოიყურებოდა ის… ციხიდან გამოსულს კი არა, სასტუმრო „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა, თან იმ ფონზე როდესაც გვახსოვს, როგორი გამოვიდა ციხიდან იგივე სულხან მოლაშვილი, დათო მირცხულავა.
ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” “ყველა უბედურებასთან ერთად, რომელიც ქვეყანას დამართა, ყველაზე ღირებულ სიტყვებს ფასი დაუკარგა, მაგალითად, როგორიც არის პატრიოტიზმი.
როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ადამიანები ამ სიტყვისთვის თავს წირავდნენ. სააკაშვილის რეჟიმმა კი, საბჭოთა ბანაკების ტიპის ბანაკებს დაარქვა „პატრიოტთა ბანაკები“ და ამით დააკნინა ის იდეა და შინაარსი, რაც ამ სიტყვაში იდო.
“იგივე დამართეს პოლიტპატიმრის სტატუსსაც და იდეას, რომელიც ამ სიტყვის მიღმა იგულისხმება, რომელიც ისეთ კრიმინალებს, როგორიც ერთი დღის წინ გათავისუფლდა და ქვეყანას დამხობით ემუქრება – ასეთ კრიმინალებს არქმევს პოლიტიკურ პატიმრებს. ანუ იდეაში მოკლა ამ სიტყვის შინაარსი. ვინ არ იცის დღეს, რომ ვანო მერაბიშვილმა, თავის უწყებაში, ჩემოდნებით დატოვა მტკიცებულება თვალთვალის და მიყურადების და ეს დაბრალებული დანაშაულია!? მას რომ საერთოდ წვლილი არ მიუძღოდეს ამ თვალთვალსა და მიყურადებაში, რომ არაფერი ჰქონდეს გაკეთებული მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდა და სასაწყობე მეურნეობად გადააქცია შსს, სადაც ამოღებულია თვალთვალის და მიყურადების 2500-ზე მეტი ფაილი – ასეთი ადამიანი პოლიტპატიმარი შეიძლება იყოს?! მას დაბრალებული კი არ აქვს დანაშაული, არამედ მისი დანაშაულის მტკიცებულიბის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის.
იდეაში აბაიბურებენ იმ უდიდეს მონაპოვარს, ღვაწლს, რომელიც თავის დროზე, საბჭოთა კავშირის დროს პოლიტპატიმრებს გაუკეთებიათ თავიანთი იდეისთვის, იმ იდეების დასაცავად, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია. და დღეს, როდესაც გეუბნებიან, რომ გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი – პოლიტპატიმარია, ღირსების შემლახავიც არის, რომ ადამიანმა ეს სტატუსი ატარო. ასეთი იდეალების ნგრევაზე იდგა ის ბოროტი რეჟიმი, რომელიც დღეს ასეთი ინტენსიობით ცდილობს საკუთარი ძალადობრივი რეჟიმი მოახვიოს საზოგადოებას.
ვანო მერაბიშვილმა, გათავისუფლებულმა ადამიანმა, ერთი წუთითაც კი ვერ შეიკავა თავი, რომ არ გამოემჟღავნებინა თავისი კრიმინალური აზროვნება, მენტალიტეტი და ძალადობა. მერაბიშვილი მხოლოდ რუპორი და გამხმოვანებელია იმ ძალისა, რომელსაც ის წარმოადგენდა თავის დროზე.
ვის დამხობას გეგმავს, რა შეუქმნია ამ არარაობას, რომ ამხობს, ვინ არის მისი დასამხობი?! ფაქტი ის არის, რომ ამ ხელისუფლებამ დაუშვა, რომ ასეთმა ადამიანებმა, ამ ტონში ისაუბრონ და ელაპარაკონ საზოგადოებას.
ამას სჭირდება სერიოზული პიარული დაპირისპირება, რომ საზოგადოებას აეხსნას, თუ რა ხდება ქვეყანაში, არა მხოლოდ სისხლიან 9 წელზეა საჭირო საუბარი, არამედ იმაზე, თუ რისი მნგრეველები არიან “ნაციონალური მოძრაობა” და მათი წარმომადგენლები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე და რა არის ის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები და ქმედებები, რომელიც არ შეიძლება ხელისუფლებას ეპატიოს და რომ ასეთი ძალის წარმომადგენლები არ შეიძლება იყვნენ ხელისუფლებაში”,-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.