The Washington Post – აშშ უერთდება სხვა სახელმწიფოებს და ადანაშაულებს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის განხორციელებაში
ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატებმა, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რუსეთი დაადანაშაულა საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში და დადო პირობა, რომ კრემლი ამაზე პასუხს აგებს, – ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტის” სტატიაშია აღნიშნული.
“28 ოქტომბერს განხორციელებული შეტევის დროს გაითიშა ათასობით სამთავრობო თუ კერძო ვებგვერდი და შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა.
სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და პენტაგონმა განაცხადეს, რომ ეს შეტევები განახორციელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ, იგივე გრუ-მ. კერძოდ, პომპეოს განცხადებაში Sandworm-ის სახელით ცნობილ რუსულ ჰაკერულ ჯგუფს ბრალი ედება ხსენებულ შეტევებზე. განცხადებაში ასევე პირველად მყარდება კავშირი ამ ჯგუფსა და გრუ-ს შორის.
„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი წარმოაჩინოს პასუხისმგებელ მხარედ, და წარმოადგენს რუსეთის გრუ-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების სქემის გაგრძელებას, – განაცხადა პომპეომ, – ამ ოპერაციების მიზანია, დათესოს განხეთქილება, გააღვივოს დაუცველობის შეგრძნება და საფრთხის ქვეშ დააყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები“.
პომპეოს თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს ასეთი მოქმედებების შეწყვეტისკენ და დებს პირობას, რომ დაეხმარება საქართველოს მომავალში შესაძლო კიბერშეტევებისგან თავის დაცვაში.
პენტაგონის თანახმად, ხსენებული შეტევა „კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამხელა ზიანს აყენებს რუსეთის მავნებელი მოქმედება გამჭირვალობას და პროგნოზირებადობას, ასევე ძირს უთხრის კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და ხელყოფს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს“.
„აშშ-ის მთავრობის პოზიცია ნათელია: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მთავარ ინტერესებს და პასუხს ვაგებინებთ რუსეთის ფედერაციას დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე“, – განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკ კარლა გლისონმა.
არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც პენტაგონს არ დაუკონკრეტებია, რა გზებით უნდა აგებინოს პასუხს რუსეთს.
კიბერუსაფრთხოების ფირმის FireEye დაზვერვის ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსის, ჯონ ჰულტკვისტის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ პომპეომ Sandworm ჰაკერები დაუკავშირა გრუ-ს ჯგუფს 74455. უფრო ადრე იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2016 წელს ჯგუფი 74455 მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ შეტევაში.
თავის განცხადებაში ბრიტანულმა მხარემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა „ალბათობის მაღალი ხარისხით“ დაადგინა, რომ ამ შეტევების უკან სწორედ რუსეთი დგას, და რომ შეტევები წარმოადგენს „რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და დესტაბილიზაციისკენ გამიზნული ხანგრძლივი კამპანიის ნაწილს“.
„გრუ-ს თავხედური და უპასუხისმგებლო კიბერშეტევების კამპანია საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი“, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.
ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში კი დაგმობილია „რუსეთის მავნებლური კიბერსაქმიანობა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამიზნული იყო საქართველოს წინააღმდეგ“.
საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გამოხატეს მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის.
„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა თავხედური კიბერშეტევა, რომელმაც ზიანი მიაყენა სახელმწიფო უწყებებს, მედიას და ბიზნესს, – ვკითხულობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ტვიტში, – ეს არის მიუღებელი აქტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას“.
ხსენებული განცხადებები გაჟღერდა მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული შეშფოთების ფონზე, რომელიც ეხება აშშ-ის არჩევნების დაუცველობას ჰაკერული შეტევებისგან.
დეკემბერში პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააფრთხილა მოსკოვი, არ ჩაერიოს აშშ-ის არჩევნებში. იმავე დღეს ლავროვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ცალკე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წამოიჭრა, ამჯერად პომპეოს მიერ”, – ნათქვამია სტატიაში.
https://www.washingtonpost.com