ივანე მაჭავარიანი უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის 200 ათას ლარამდე შემცირების აუცილებლობას ვერ ხედავს

“უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვარის შემოღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლარის კურსის ცვლილებისგან მოწყვლადი ჯგუფების დაცვა იყო. არსებობდა რისკი, რომ ეს დააზიანებდა სამშენებლო სექტორს გაძვირებული ლარის პირობებში, თუმცა ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სამშენებლო სექტორი მშვიდად ვითარდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში „ მინისტრთა საათის“ მიმდინარეობისას.

ვანო მაჭავარიანის განმარტებით, 200 ათას ლარიანი ზღვარის არც დაწევა და ან გაუქმება პრობლემა არ არის, თუმცა ახლა ამის საჭიროება არ დგას. მაჭავარიანის განცხადებით, მისი ამ პოზიციის მიუხედავად ის მაინც მზადა ამ საკითხზე დაინტერესებულ მხარეებთან იმსჯელოს.

„ყოველთვის ღია ვართ, გადავხედოთ ამ საკითხს, გავარჩიოთ. მზად ვართ ჩამოვწიოთ 200 ათას ლარიანი ზღვარი, თუმცა დღევანდელი მონაცემები ამის საჭიროებას არ აჩვენებს. დავსხდეთ ეროვნულ ბანკთან ერთად, დაგვარწმუნეთ და თუკი სხვა მონაცემი გაქვთ, ვიმსჯელოთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირების შესაძლებლობის განხილვა დაავალა.
გახარიას განმარტებით, ამის გაკეთება ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად არის საჭირო. აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები