ერდოღანი: ანკარა მზად არის იდლიბში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს
იმ შემთხვევაში თუ ქვეყნები, რობლებთანაც ჩვენ მოლაპარაკებას ვმართავთ, იდლიბში არ გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა, მზად ვართ, სამხედრო ოპერაცია დავიწყოთ.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მმართველი პარტიის “სამართლიანობა და განვითარებას” წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ანკარას მოლაპარაკების ისეთი შედეგი ჯერ არ მიუღია, რომელიც მას დააკმაყოფილებდა.
“იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მოლაპარაკებას ვმართავთ, იდლიბში არ გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა, მზად ვართ, სამხედრო ოპერაცია დავიწყოთ. მთლიანად მზად ვართ, იდლიბში დამოუკიდებელი ოპერაცია დავიწყოთ, ეს დროის ამბავია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება დავიწყოთ, ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციაა”, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთის შესაძლოა ქმედება, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.
“იდლიბს რეჟიმს არ დავუტოვებთ, მან ჯერ ვერ გაიგო, როგორი გაბედულები ვართ. მკაფიოდ ვართ განწყობილი, რომ იდლიბი უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ისე თურქეთისთვის, რაც არ უნდა დაგვიჯდეს”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.