გია ვოლსკი: ღმერთმა ნუ ქნას, “ნაცმოძრაობას” სიტუაციის მართვის საშუალება კიდევ მიეცეს
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია ყავლგასული და მოძველებული მეთოდია, რომელსაც ოპოზიცია პერიოდულად მიმართავს და ამით თავს იჭრის.
„ღმერთმა ნუ ქნას, მათ კიდევ მიეცეთ სიტუაციის მართვის საშუალება. ფაქტები მეტყველებენ, რომ მათ დღეს ხელკეტები არ აქვთ და დღეს ჟურნალისტების მიკროფონებით დაგვდევენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ხელკეტების აღების საშუალება ჰქონდეთ. მათ არ აქვთ რესურსი, რომ რუსეთს რამე დამატებითი უპირატესობა მისცენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს რესურსები მათ კვლავ მიეცეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიერი “ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა, სადაც მათ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა გააპროტესტეს.
“ძალიან ჩავიკეტეთ ამ პარტიულ ახალგაზრდულ თუ ძველგაზრდულ ფორმატებში. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გამოვლინება ჰქვია, ამა თუ იმ ფორმით. ვინ გამოვა და ვინ საწინააღმდეგო აქციას მოაწყობს, ამ ყველაფერს ვერც გააკონტროლებ და ეს არც არის საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.