იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საფრანგეთის ელჩს შეხვდა

0

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან სამომავლოდ თანამშრომლობას შეეხო.

გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულმა და საფრანგეთის ელჩმა წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის შესახებ ისაუბრეს და როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, მზად არის, ფრანგი ინვესტორების აღნიშნული პროექტით დაინტერესებას შეუწყოს ხელი.

თავის მხრივ, ზვიად შალამბერიძემ ელჩს იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფრანგ ბინზესმენებთან ერთად 3-4 მაისს ქუთაისში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიიწვია.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო რწმუნებულთან, ვისაუბრეთ ქუთაისის და ზოგადად იმერეთის რეგიონთან დაკავშირებით, ასევე, საუბარი შეეხო ფრანგული ენის სწავლებას იმერეთის რეგიონის სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. საუბარი შეეხო წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო პროექტია და ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მიმოხილვა”, – განაცხადა ელჩმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, საფრანგეთის ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ სამომავლოდ იმერეთში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ჩაერთოს.

“საუბარი შეეხო იმერეთის პოტენციალს და მაისში დაგეგმილ ბიზნესფორუმს. ძალიან დაინტერესდა ელჩი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით და გამოთქვა სურვილი, სამომავლოდ პროექტების განხორციელებაში ჩაერთოს”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი