სოხუმი: თბილისი მზად არის 30 მლნ გადაიხადოს, რომ აფხაზეთმა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა არ მიიღოს
ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების ე.წ. სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ავთანდილ ღარწკაია ამბობს, რომ „რესპუბლიკისთვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა MITT-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია“.
მისი თქმით, გამოფენაში, რომელიც მოსკოვში ტარდება, თბილისი მონაწილეობას არ ღებულობს, იმიტომ რომ “ჩვენ ვართ, თუმცა მზად არიან 30 მლნ გადაიხადონ, ოღონდ ჩვენ არ ვმონაწილეობდეთ”.
“როდესაც გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, ჩვენს სტენდთან ყოველთვის ბევრი ხალხია, კარგი გამოხმაურებებია და ეს ნიშა უნდა შევინარჩუნოთ. გამოფენაზე 3 მლნ რუბლს ვხარჯავთ. ზოგჯერ გვეუბნებიან: “სად და რატომ მიემგზავრებით? არჩევნები გაქვთ და აუცილებელი არ არის, მით უფრო ამდენ ფულს ხარჯავთ”. ამ ღონისძიებაში საქართველო არ მონაწილეობს, იმიტომ რომ იქ ჩვენ ვართ და სახელმწიფოს სახელით გამოვდივართ. მაგრამ, მზად არიან, და ეს ცნობილი ფაქტია, გადაიხადონ 30 მლნ, რომ გამოფენაში ჩვენს გარეშე მიიღონ მონაწილეობა. ანუ, ერთი წელი რომ ჩავაგდოთ, ჩვენ ადგილს ეგრევე დაიკავებენ. ამიტომ, არის აფხაზეთის იმიჯისთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა ასეთი მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ღარწკაიამ.
გამოფენა MITT მოსკოვში 2016 წლიდან იმართება, რომელიც რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა. წელს ღონისძიება 17-19 მარტს ჩატარდება.