კახა კალაძე: თბილისის მერია “სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია “სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს.

კალაძემ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაავალა.

“კომპანია “სითი პარკთან“ ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს შევწყვიტეთ ხელშეკრულება ცალმხრივად და კომპანიამ სასამართლოში დაიწყო დავა, ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად. მოვახერხეთ, რომ მოვილაპარაკეთ. დღეის მდგომარეობით, არც სასამართლოშია დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადება კომპანია. მოხდა მორიგება. წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. შევისყიდეთ ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, ეს არის თავის დროზე კომპანია “სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს, ეს იყო კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი. ჩვენ გვახსოვს, რამდენი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია, “თბილისი პარკინგი“. დაახლოებით წლის განმავლობაში მილიონ 200 ათასი ჯარიმა იწერებოდა “სითი პარკის“ მიერ. ჩვენს მიერ რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით 5 ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი, არ არსებობს უკმაყოფილო ადამიანები. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების არის, აქ იგულისხმება ჯარიმები, რომლებიც გადაცემულია აღსრულების ბიუროს და რომლის ფარგლებში იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა. მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის. იმედია, პარლამენტი მხარს დაგვიჭრეს და გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები