“თქვენ რა იცით, მე რა დღეში ვარ” – სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი იმ დროს მოკლა, როცა ის სამოქალაქო რეესტრში განქორწინების საკითხზე იყო მისული. როგორც გარდაცვლილი 25 წლის გოგოს მამა ჰყვება, მისი შვილი რეესტრში განქორწინების მიზნით მივიდა, ქმარი კი ბათუმში უნდა ყოფილიყო და “სკაიპით” გაეწერათ ხელი.
მისი თქმით, ყოფილი სიძე გოგოს ჩასაფრებული დახვდა და შესვლისთანავე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
“იუსტიციის სახლში ვიყავით გადასულები, ის ბათუმში უნდა დახვედროდა და სკაიპით გააწერდნენ ხელს. სინამდვილეში კი რეესტრის შენობაში დამალულა და როგორც კი შევიდა ჩემი გოგო დანა დაურტყამს. ბათუმში ცხოვრობდნენ, ოჯახში კონფლიქტი ჰქონდათ და მაგიტომ წამოვიყვანე ბავშვი. ერთი თვე იყვნენ გაშორებულები. მუქარა არ იყო პირიქით, ეუბნებოდა შევრიგდეთო. მეც ვახლდი ჩემ შვილს და სანამ მე მანქანა დავაყენე თვითონ შევიდა რიგს დავიკავებო. როცა შევედი ეს სურათი დამხვდა. ერთი ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა. სიძე უკვე დაჭერილი იყო”,- ამბობს თეიმურაზ ბოხუა.
ცოლ-ქმარი ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როგორც გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი ამბობს, კონფლიქტი მეუღლეებს შორის არ შეუმჩნევიათ.
“სიძეს მოჰყავდა ძმაკაცები და სვამდნენ, ვუთხარი რომ აქ ბავშვები იზრდებიან და არ მინდა შენი ძმაკაცები-მეთქი. აქ არ ჰქონიათ კონფლიქტი, ბოლოს თქვა გოგომ – თქვენ რა იცით მე რა დღეში ვარო. შემდეგ მამამისს დაურეკა, წამიყვანეთ აქედანო და წამოიყვანა მაშინვე. მერე ემუქრებოდა, რატო შემიძულე ასეო, გოგო არ ურიგდებოდა. არ უნდოდა მასთან ცხოვრება. ბავშვებიც აქ გადმოვიყვანეთ. გავზრდი შვილებსო, მაგრამ არ დაანება თავი. დილით დაურეკა, რომ ბათუმში ვარ და გადმოდიო რეესტრში, მაგრამ აქ დახვედრია”,- ამბობს გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი.
ცნობისთვის, მკვლელობა დღეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, მამაკაცი კი პოლიციამ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.