„საბჭოთა ფოტოგრაფია“ და შეხვედრა ნათელა გრიგალაშვილთან

19 თებერვალს, 19:00 საათზე, ნათელა გრიგალაშვილთან შეხვედრა გაიმართება, რომელიც ისაუბრებს თემაზე – „საბჭოთა ფოტოგრაფია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საბჭოთა რეჟიმის დამყარებისთანავე ფოტოგრაფია მისი პროპაგანდის ერთ-ერთ უპირველეს იარაღად იქცა და მკაცრი ცენზურის ქვეშ მოექცა.
ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წლებიდანვე ბოლშევიკები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ პროპაგანდას და კარგად ხვდებოდნენ, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ფოტოგრაფია იყო, განსაკუთრებით კი წერა-კითხვის უცოდინარ მასებთან საკომუნიკაციოდ, მათში საჭირო ვიზუალურ-იდეოლოგიური იმიჯების შესაქმნელად. საჭირო იყო საბჭოთა სამყაროსა და ადამიანის კონკრეტული სახეხატის შექმნა, რათა მომხდარიყო ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნება. სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ შეაფერხა ხელოვნების არაერთი დარგის სრულფასოვნად განვითარება საბჭოთა კავშირში, ფოტოგრაფიაზე კი განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია.
ქართული საბჭოთა ფოტოგრაფია, რომელმაც განვითარების თვალსაზრისით ზუსტად ის გზა გაიარა, რაც კავშირის ყველა დანარჩენმა რესპუბლიკამ, დღეისათვის ნაკლებადაა შესწავლილი. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის ქართველ ფოტოგრაფებს არ შეუწყვეტიათ შემოქმედებითი განვითარების პროცესი. მიუხედავად არსებული ცენზურისა, კონკრეტულმა ფოტოგრაფებმა მაინც მოახერხეს ინდივიდუალიზმისა და მხატვრული ექსპრესიულობის გამოჩენა, რითიც ხელი შეუწყვეს როგორც კონკრეტული ჟანრების, ისე ზოგადად ფოტოგრაფიის განვითარებას საბჭოთა სივრცეში.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 17ბ. „შაქრო ბაბუა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები