ირაკლი კობახიძე: სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში
„ ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ და უფრო მდაბიოს ეს იყო ძნელად წარმოსადგენი, თუმცა ესეც მოახერხეს. იმ ადამიანების ადგილი რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს, ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის ფაქტს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა არის ბოლო გადმონაშთი საბჭოთა კავშირის საქართველოში თავისი ღირებულებებით. „ელენე ხოშტარიამ ვინც დავინახე მეტი არ დამინახავს, კიდევ ერთხელ გავიხსენებ რომ დიპლომით ის არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ანუ ეს განათლება აქვს მიღებული მას მოსკოვში როდესაც ის სწავლობდა რუსეთის ფედერაციაში და ის ემსახურებოდა მთელი სულით და გულით ცხრა წლის განმავლობაში რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს საქართველოში და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაშიც. ეს მათი ძალისხმევა იქნება წარუმატებელი გარკვეული წარმატება ქონდა მას რუსეთის პოზიციების გამყარების კუთხით თავის დროზე და იცით ნაციონალებმა რა სარგებელი მოუტანეს რუსეთის ფედერაციას თავიანთი მართველობის განმავლობაში ამ სარგებელს ისინი რუსეთს ვეღარ მოუტანენ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, იმის ადგილი, ვისაც ხელში უჭირს საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნი საქართველოს პოლიტიკაში არ არის. „ესენი არიან ელენე ხოშტარია და მისი ნაციონალი მეგობრები, რომლებიც არიან საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში სწორედ ამ საბჭოთა ღირებულებების გამო დაატრიალეს მათ ის რაც დაატრიალეს და სწორედ ამ ღირებულებების ბრალი იყო ის რომ რუსეთმა გაიმყარა თავისი პოზიციები იმ ცხრა წლის განმავლობაში. მათ შორის, მოახერხა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და დღეს მათ შეგვახსენეს რომ ეს მათ შემთხვევით კი არ გააკეთეს მათ გააკეთეს შეგნებულად და დღემდე ატარებენ ისინი ხელით და გულით რუსეთის ფედერაციის და საბჭოთა კავშირის ჰიმნს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.