“სიმბოლურია, რომ პარლამენტში საბჭოური ინტერვენცია განახორციელა ელენე ხოშტარიამ, დიპლომით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტმა”
ნაციონალმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი საქართველოში საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები არიან, – ასე შეაფასა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ, დღეს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა.
კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია ელენე ხოშტარიამ განახორციელა, რომელიც დიპლომით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია.
„მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო ჩვენი ნაციონალი კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში თავისი ღირებულებებით, პირველ რიგში. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს, მისი განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მძიმე და სამწუხაროა. საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.