მამუკა მდინარაძე: ირაკლი შოთაძის გულწრფელობა სპეკულაციებით დაისაჯა
უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა წარმატებული კომპანია დაინტერესებულია, ყოფილი მთავარი პროკურორი თავის კომპანიაში იურისტად ჰყავდეს. ასე ხდება ყველა ქვეყანაში, შტატებში, დასავლეთში და ნებისმიერ პირობას თანხმდებიან ხოლმე. საქართველოში კი ოპოზიციამ ამით ორი დღის განმავლობაში აპოკალიფსი “შექმნა”.
მამუკა მდინარაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ირაკლი შოთაძის გულწრფელობა სპეკულაციებით დაისაჯა.
“ირაკლი შოთაძეს შეეძლო სხვა რამ ეთქვა იმ შეხვედრასთან დაკავშირებით და ერთადერთი მამუკა ხაზარაძე იქნებოდა სხვა ვერსიის ავტორი. არავინ არ შეეწინააღმდეგებოდა იმ კაცის გარდა, რომელმაც თქვა, რომ 17 მლნ. გამოვართვი მეგობარს და არ ვიცოდი, რომ თურმე იმ დღეს ეს ფული ჩემი ბანკიდან ჰქონია გატანილიო. გულწრფელად თქვა იმ ადამიანმა, რომ ვიყავი პირად საქმეზე მისული და შევესწარი ამ საუბარსო და ეს გულწრფელობა დაისაჯა ახალი სპეკულაციებით. თურმე გულწრფელობა ისჯება სპეკულაციებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ დღეს პარლამენტი ისმენს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის მუშაობის ანგარიშს.
“ყველაზე ცუდი რა არის, როცა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშია, სადაც ქართველმა საზოგადოებამ უნდა მოისმინოს 400-ზე მეტი კანონი და 1000-ზე მეტი დადგენილება და ასე შემდეგ რომ მივიღეთ, ამაზე რომ ვიმუშავეთ, კომიტეტებმა იმუშავეს, დეპუტატებმა, აპარატებმა უამრავი ენერგია ჩადეს ამ ყველაფერში. ეს რას შეეხება, რასთან დაკავშირებით არის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.