ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ

“ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ. იქნება ეს სტრასბურგი თუ ვაშინგტონი. ისინი ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის აგრძელებს სვლას.

„ეს არის ჩვენი შეუქცევადი კურსი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამ ყველაფრის დასტურია ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ის მონაპოვარი, რომელიც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირში, ვაჭრობის საკითხების გაუმჯობესებას ევროკავშირთან, აშშ-სთან, ეს საკითხები არის და იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მიმართულებები, შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს, არ არსებობს ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების დასმის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები