კახა კუჭავა: რეზოლუცია იყო კრიტიკული და ამის ჩავარდნა უბრალოდ არასასიამოვნო ფაქტია
რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა, ეს იყო ის ცვლილებები, რაც, ხშირ შემთხვევაში, აბსურდულად ჟღერდა, – ამის შესახებ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო და გასაკვირია, რატომ არ დაუჭირეს მხარი.
“ფაქტი ერთია, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ თვითონ რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ არის გარკვეული წუხილები, რაზეც აუცილებელია ჩვენგან მიღებული იქნას ის კრიტიკა. რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა, ეს იყო ის ცვლილებები, რაც, ხშირ შემთხვევაში, აბსურდულად ჟღერდა.
ჩვენთვის მართლა გასაკვირია, რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი, რადგან, კიდევ ვამბობ, საკმაოდ კრიტიკული იყო რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი,” – განაცხადა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ კრიტიკულად განწყობილ დეპუტატებთან კომუნიკაცია აქვთ და მტკიცებულებებს არჩევნებზე მიაწვდიან.
“დღესაც გამოქვეყნდა მათი წუხილი. ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია, რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე – იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს, გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
ის, რომ განწყობები არის გარკვეული დეპუტატების მხრიდან კრიტიკული, ეს ვიცით, ამას ვერც დავმალავთ და ჩვენ ვცდილობთ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს, რომ არჩევნებზე მტკიცებულებები მივაწოდოთ, და მეორე – მივიღოთ კრიტიკული შენიშვნები მათი მხრიდან, თუმცა, კიდევ ვამბობ, რეზოლუცია იყო კრიტიკული და ამის ჩავარდნა უბრალოდ არასასიამოვნო ფაქტი იყო,”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისი თქმით, დოკუმენტი კრიტიკული იყო ბევრ ნაწილში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით.
“იყო დაახლოებით 38 შესწორება, ამათგან ყველა ვერც მოვასწარით, გაგვევლო, დროში ვერ ჩავეტიეთ, ესეც აღსანიშნავია.
ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არ დავუჭირეთ, იმ ნაწილში, სადაც ვთვლით, რომ არაადეკვატური იყო იმის ჩაწერა, რაც ჯერ კიდევ დასადგენია ფაქტები, რა თქმა უნდა, მოლოდინი არავის არ ექნებოდა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით.
მთლიანად რეზოლუცია ძალიან საინტერესოა, იქ იყო კრიტიკული მიდგომები. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო ამ რეზოლუციის მიღება. თუმცა, რომ მიგვეღო, იმასაც გამოიყენებდნენ, რომ, აი, როგორი კრიტიკული რეზოლუცია მივიღეთ, ამიტომ ეს მათი თამაშის ნაწილია, რომელიც არ გვიკვირს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.