რატი იონათამიშვილი: რეზოლუციის გადადება მხოლოდ მათ ინტერესშია, ვისაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლა არ უხარია

რეზოლუციის გადადება მხოლოდ მათ ინტერესშია, ვისაც საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე არ უხარია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.

“სამწუხაროა, რომ დღეს, სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარალამენტო კომიტეტის სხდომაზე ვერ მოხერხდა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერის გამომხატველი დოკუმენტი, რომლის მიღებაც თითოეული ჩვენთაგანის საერთო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა” მოძრაობამ ნახა, რომ რეზოლუციის პირველი რედაქციაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პოზიტიურად იყო შეფასებული, მათ ჯერ ტექსტში ნეგატიური ცვლილებების შეტანა სცადეს, ხოლო როცა ამასაც ვერ მიაღწიეს, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით, უბრალოდ არ დაუჭირეს მას მხარი.

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები