რა უშლის ხელს კარტოფილის წარმოების ზრდას საქართველოში

სათესლე კარტოფილის წარმოების ზრდა ძირითადად კოოპერატიული მეურნეობების განვითარებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის რეგიონალურმა ლიდერმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რუსუდან მდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, კარტოფილი ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა და დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გამოწვევა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, ძირითადად მცირემიწიანობის პრობლემაა, თუმცა დარგის განვითარებას თესლის სერტიფიცირების არქონაც აფერხებს.

“ვმუშაობთ, რომ მცირე და საშუალო ფერმერების მდგომარეობის გაუმჯობესდეს და ჩვენს ამას  ახალი პერსპექტიული ჯიშების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით ვაკეთებთ.  პრობლემა ვერ დაიძლევა და ვერ გავზრდით მოსავლიანობას, თუ ფერმერს სერტიფიცირებული, ძვირადღირებული თესლის ყიდვის შესაძლებლობა არ ექნება. მნიშვნელოვანია, რომ  სტრატეგიული კულტურის სათესლე მასალა იწარმოებოდეს ქვეყნის შიგნით, რომ იმპორტიორზე, მის ფასსა და ხარისხზე არ ვიყოთ დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ფერმერების 97% დაახლოებით 1,25 ჰა-ს ფლობს ანუ მცირემიწიანია. აქედან გამომდინარე, არ აქვს შესაძლებლობა სერტიფიცირებული, შემოტანილი ძვირადღირებული ტექნოლოგიები შეიძინოს”, – აღნიშნა რუსუდან მდივანმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ფერმერულ მეურნეობებზე მორგებული ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც საქართველოში CIP-ის დახმარებით ინერგება.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ  სერტიფიცირების სტანდარტზე , რომ სისტემა გაიმართოს, აეწყოს საქართველოში და გლეხს შეეძლოს  ადგილობრივი სერტიფიცირებული თესლის ყიდვა, რადგან იმპორტირებული საკმაოდ ძვირიანია და რისკს შეიცავს. მნიშვნელოვანია მცირემიწიანობიდან გამოვიდეთ და შეიქმნას კოოპერატიული მეურნეობების, რათა გამარტივდეს რეალიზაცია როგორც სამომხმარებლო ბაზრებზე, ასევე  სუპერმარკეტების ქსელებში და დარგმა მეტი სარგებელი მიიღოს”, – განაცხადა რუსუდან მდივანმა.

მისი ინფორმაციით, CIP-ის ფილიალმა საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი სამწლიანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქართველი ფერმერების საარსებო წყაროს გაუმჯობესება და კარტოფილის თესლის ღირებულებათა ჯაჭვში ეროვნულ მოთამაშეთა შესაძლებლობების გაზრდაა.

 

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები