მაია ცქიტიშვილი: სრულად ვიზიარებთ პარტნიორების მოსაზრებას, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ განაცხადა, რომ მმართველი ძალა დაინტერესებულია, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მიმართ ნდობა მაღალი იყოს.
მაია ცქიტიშვილის შეფასებით, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგი აქტიური იყოს.
„როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია და მმართველი ძალა, დაინტერესებული ვართ, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი და ამ ხარისხის მიმართ ნდობა ძალიან მაღალი იყოს.
საქმიანი მიდგომა, მათ შორის პოლიტიკური საკითხებისადმი არის ერთადერთი საშუალება და გზა, რომლითაც შეგვიძლია, განვავითაროთ როგორც ჩვენი დემოკრატია, ასევე საარჩევნო კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ბრიფინგი, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ ჩატარდა, იყო რეაქცია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე მოლაპარაკების მაგიდის დატოვებასთან დაკავშირებით. სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებასაც, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა და გვინდა, ამ დიალოგის ინიციატორიც ვიყოთ. მმართველ პარტიას შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს და ახლა საჭიროა შეთავაზების განხილვა მოლაპარაკების რეჟიმში და არა, ქუჩის აქციების პროცესში. დიალოგისკენ მოწოდება კონსტრუქციული გზაა, რომლითაც ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უნდა წარვმართოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, გიგი უგულავასა და დიალოგის შესაძლებლობის თემები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
„ამ ორ თემას ერთმანეთს ნუ დავაკავშირებთ. როდესაც მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, მართლმსაჯულებას კარგი და ცუდი დრო არ აქვს. სამწუხაროა, რომ მისი აღსრულების დრომ შექმნა თუნდაც განცდა, რომ ეს შეიძლება, პოლიტიკურად მოტივირებული ან პოლიტიკურად დაკავშირებული იყოს. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ ფაქტს იყენებს დიალოგის ჩაშლისთვის. საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და მართლმსაჯულება მოქმედებს ყველასთან მიმართებაში, პოლიტიკოსთან თუ რიგით მოქალაქესთან”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში დიალოგზე უარს აცხადებენ.