“ევროპული საქართველოს” ულტიმატუმი – უგულავას შეწყალება
“ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ინსტრუმენტი, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. ბაქრაძე ამბობს, რომ ეს მექანიზმი გიგი უგულავას შეწყალებაა.
“ამიტომ თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც. თუ ის ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ, თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობას და მოწოდებებს. ან ჩაერთოს სრულფასოვნად პროცესში როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.