დავით სონღულაშვილი: აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს
აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს, – აღნიშნულის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
„ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერთან საინტერესო საუბარი შედგა. მათი და ჩვენი პოზიციაც არის, რომ აუცილებელია დიალოგი. შეთავაზებები, რომელიც გვქონდა ოპოზიციასთან – არის ჩვენს მიერ ინიცირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ვითვალისწინებთ და ევროპარლამენტთან საერთო აზრზე ვართ – დიალოგის მზაობისთვის. აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა გადაწყდეს დიალოგის გზით. ამისთვის აუცილებელია ორი მხარის და არა ერთი მხარის ჩართულობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიცია ჩაერთოს დიალოგში და შესაბამისად, პრობლემა გადაწყდეს დიალოგის გზით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით სონღულაშვილის და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია, კახაბერ კუჭავა, სოფიო კილაძე, გუგული მაღრაძე, ოთარ დანელია, თამარ ხულორდავა, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე.
ასოცირების კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას განიხილავს.