გია ვოლსკი: უგულავამ იცოდა, რომ ეს საქმე ასე არ ჩაივლიდა და ვეჭვობ, ამას უკავშირდებოდა მისი აგრესიული პოლიტიკური აქტივობები
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ იცოდა, რომ “50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა”.
მისივე შეფასებით, სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი აგრესიული პოლიტიკური აქტივობებიც.
„გიგი უგულავა თავადაც კარგად აცნობიერებდა, რომ 50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა და გადაწყვეტილება დადგებოდა, ჩემი ეჭვია, რომ მისი აგრესიული პოლიტიკური აქტივობები სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული.
მან ბიუჯეტს გაცილებით მეტი ზარალი მიაყენა, თან პირადი მოქმედებებით და დატაცების მთელი სისტემა შექმნა. ამ თემაზე კომპრომისი ვერ იქნებოდა, რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ეს პროცესი 2013 წლიდან დაიწყო და არ შეჩერებულა. გიგი უგულავამ და ოპონენტებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თემა დამთავრებული არ არის, გასაჩივრებული იყო უზენაესს სასამართლოში და იცოდნენ ის მძიმე მაგალითებიც, რაც საქართველოსა და მსოფლიოში მოხდა ასეთი დანაშაულებისას. კონკრეტული ქალაქის მერები და საკრებულოს წარმომადგენლები დაკავებული არიან 200-500 ათასი ლარის გაფლანგვის გამო და პროკურატურა კომპრომისს არ დაუშვებდა იმის გამო, რომ აქ პოლიტიკური თემაც არსებობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.