საერთაშორისო მედია გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება
საერთაშორისო მედია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
“როიტერსის” ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიგი უგულავა თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს და 38 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბრალდებას ოპოზიცია აპროტესტებს და „პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.“
“როიტერსი” ასევე წერს, რომ “უგულავას მსგავსი დანაშაულისთვის 2015 წლის სექტემბერში 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა “2017 წლის იანვარში, სასჯელის შემცირების შემდეგ, გაათავისუფლეს. ერთი წლის შემდეგ, უგულავას, რომელიც 2005-2013 წლებში თბილისის მერი იყო, ახლა კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი ლიდერია, იმავე საქმეზე 15 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ სასჯელი მოხდილად ჩაითვალა. მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზაფხულში დაწყებული მასობრივი პროტესტის ფონზე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული და რამდენიმე პირია დაკავებული“.
“დოიჩე ველე” აღნიშნავს, რომ გიგი უგულავა მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს „პოლიტიკურად მოტივირებულად“ და ბიძინა ივანიშვილის „პერსონალურ გადაწყვეტილებად“ აფასებს.
„მილიარდერ ოლიგარქს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2012-2013 წლებში ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად სახელმწიფო თანამდებობის პირი არაა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირი და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკან მდგომი რეალური ძალაა,“ – წერს „დოიჩე ველე“.
გამოცემა წერს, რომ უგულავას გარდა სისხლის სამართლის დევნა ხორციელდება ოპოზიციის რამდენიმე სხვა ლიდერისა და დამოუკიდებელი მედიის მფლობელის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.