თურქეთში, „ლუჟო ბოდრუმში“, ქართული კულტურის დღეები გაიმართება
16-19 მაისს თურქეთში, „ლუჟო ბოდრუმში“, ქართული კულტურის დღეები ჩატარდება. ღონისძიების პრეზენტაცია 11 თებერვალს, 20:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ქართული დღეების ორგანიზატორი „კაპიტან პლუსია“, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას უკვე მეოთხედ აწყობს.
ქართული კულტურის დღეები სამდღიან ინტენსიურ პროგრამას მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში ცნობილი ქართველი მომღერლების მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ. აქვე გაიმართება „საქართველოს ნაციონალური ბალეტის – სუხიშვილების“ კონცერტი. ქართული კულტურის დღეებზე კულინარიული შოუები და მასტერკლასებიც ჩატარდება. პარალელურად ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ქართული ტიხრული მინანქრისა და საიუველირო ნაწარმის გამოფენაც მოეწყობა.
ქართული კულტურის დღეები „კაპიტან პლუსისა“ და გიო ხუციშვილის ერთობლივად დაფუძნებული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება.