ადვოკატი გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ადვოკატი ბექა ბასილაია გამოეხმაურა.
როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
“როგორც ვვარაუდობდით, საკასაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და გიგი უგულავას მიმართ ყალბდიპლომიანმა თადუმაძემ და გაბინაშვილმა შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა და გიგი უგულავას გადაუკვალიფიცირა მუხლი, რის საფუძველზეც დამატებით სასჯელად გიგის სამი წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. გადაუკვალიფიცირა 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, სასჯელად დაუდგინა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა, განახევრებული 4 წელ ნახევრიდან წელიწადი და 4 თვე გამოაკლდა, რაც გიგის ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დრომდე მოხდილი. ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაიგზავნება. გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბასილაიამ.
უზენაესმა სასამართლომ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, თბილისის მერიამ დააფუძნა ააიპ თბილისის განვითარების ფონდი. თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.