გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილი ნორმალური მსჯელობის სტანდარტებს გასცდა
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ნორმალური მსჯელობის სტანდარტებს გასცდა.
„მიხეილ სააკაშვილი ნორმალური მსჯელობის სტანდარტებს გასცდა. მხედველობაში მაქვს ამ ადამიანის ფსიქოლოგიური ნაწილი. თვითონ არაფერი ჩაუდენია? ვანო მერაბიშვილი მისი ბრძანების გარეშე მოქმედებდა, თუ ის პერიოდი დაგვავიწყდა, როცა „შტაბელებით“ გამოჰქონდათ ადამიანების გვამები ციხეებიდან? ან ყველაფერი დაგვავიწყდა, რაც თავად გააკეთა და თურმე, ახლა ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილის ბრალი ყოფილა. არ მგონია, ეს ყველაფერი ნორმალური ადამიანის მსჯელობას შეეფერება. დიდი სიმპატიები არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა შორის სერიოზული მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, რადგან ქვეყნის სტაბილურობაა მთავარი. პარტიები როგორი დაპირისპირებულებიც არ უნდა ვიყოთ, არავინ უნდა უშვებდეს იმას, რომ სახელმწიფო ინტერესებზე გადააბიჯოს. სააკაშვილმა ეს დიდი ხნის წინ გააკეთა და ახლა რევოლუციურ სცენარში ჩასაჯდომად ვანო მერაბიშვილის, თუ მისი თანამოაზრეების მძიმე კრიტიკაზე გადავიდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გუშინ ვანო მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა.
“მე ვხედავ იმ შეცდომებსაც რაც დაუშვა ვანო მერაბიშვილმა, იმ გადაცდომებსაც ვხედავ, რაც მაშინ ჩვენ სისტემებში დაუშვეს. რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, თუმცა შეიძლება ესეც არ ყოფილიყო შემაკავებელი და ასე ჩაეგდო ხელში ჩვენი ქვეყანა პირად დუქნად. ამიტომ, რა თქმა უნდა ამის პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანზეა”, – განაცხადა სააკაშვილმა.