ზაზა გაბუნია: თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ისე დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, კომიტეტმა დედაქალაქის მერიასთან კონსულტაციების შედეგად, შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს დედაქალაქში და არა მხოლოდ მასში, დაუმთავრებელი საცხოვრებელი შენობების დასრულებას.
მისი თქმით, თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ისე დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
„ჩვენი ხელისუფლების, თბილისის მერიის მიერ, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომელიც ქაოტური განაშენიანების შეზღუდვას, მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება. დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივის არსი კი ისაა, რომ დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მქონე ობიექტები, რომლებზე ნებართვა 2013 წლამდე იყო გაცემული, მაგრამ მშენებლობა შეჩერდა და ვეღარ სრულდება, გავათავისუფლოთ კ2-ის მოსაკრებლის უიმედო დავალიანებისაგან იმ პირობით, თუ ახალი ინვესტორი შეძლებს კონკრეტული დაუსრულებელი მშენებლობის 2025 წლის 1 იანვრამდე დასრულებას, ექსპლოატაციაში მიღებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ასეთი ობიექტი მხოლოდ თბილისში არის 179 და მათ უკან ათასობით დაზარალებული მოქალაქე დგას. მისივე თქმით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაუსრულებელ მშენებლობებზე მოსახლეობის მხრიდან ინვესტორების მოძიება რთული პროცესია, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კი იძლევა საშუალებას, რომ შეჩერებული მშენებლობებით ინვესტორები დაინტერესდნენ და გაჩერებული ობიექტების მშენებლობა დაასრულონ.
„ამით, ერთი მხრივ, ხელი შეეწყობა დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას, რაც არის მთავარი აქცენტი. მეორე და მნიშვნელოვანი აქცენტი არის ის, რომ დასრულდება ის შეჩერებული მშენებლობები, რომლებიც თავის მხრივ ამახინჯებს და აზიანებს ქალაქის იერსახეს”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ეხება მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელი ფუნქციის მქონე დაუსრულებელ მშენებლობებს, რადგან ეს არის გადაწყვეტილება დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად, მათი ინტერესების სასარგებლოდ და ქალაქში შეჩერებული მშენებლობების დასასრულებლად. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, დასაძლევად პარლამენტი და დედაქალაქის მერია ყველაზე უფრო ეფექტურ, ოპტიმალურ და გამართლებულ გზას მიმართავს.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და პარლამენტის ბიუროს წარედგინება. კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირიდან დაიწყება.