ახალციხეში ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა
ახალციხეში, “სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის” თაოსნობით, 10 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის დარბაზში მოეწყო.
ტურნირში ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის ნორჩი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. 5.5 ქულა მოაგროვა და 1-ლი ადგილი დაიკავა 7 წლის ბორჯომელმა მოჭადრაკემ, ბარბარე შონიამ, 5 ქულით მე-2 ადგილი ახალციხელმა მოჭადრაკემ, მარიამ ყურაშვილმა , ხოლო მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში თანაბარი 4-4 ქულა მოაგროვეს ახალციხელმა ვიკა ვეშაგურმა და ნინოწმინდელმა მერი არზუმანიანმა, საბოლოოდ, უკეთესი კოეფიციენტის გამო, მე-3 ადგილი ვიკა ვეშაგურს ერგო.
ბიჭებს შორის შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. თანაბარი 6 -6 ქულით I – II ადგილები გაიყვეს დავით მესხმა და საბა პაპაშვილმა, უკეთესი კოეფიციენტის გამო I-ლი ადგილი წილად ხვდა ბორჯომელ მოჭადრაკეს დავით მესხს, მე-II ადგილზე კი ახალციხელი მოჭადრაკე საბა პაპაშვილი გავიდა. რაც შეეხება მე-III ადგილს, ერთდროულად ხუთმა მოჭადრაკემ- სარქის ლალაიანმა, თენგო მღებრიშვილმა, თორნიკე დიაკონაშვილმა, გიორგი ოქრომელიძემ და ბექა კაჭკაჭაშვილმა დააგროვეს. უკეთესი კოეფიციენტის გამო მე-III ადგილი ნინოწმინდელმა მოჭადრაკემ, სარქის ლალაიანმა დაიკავა.
გამარჯვებულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.