ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი ბრალს აღიარებს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ.

რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, ლევან ქარდავას ის დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა. მისი უფლებადამცველის, გია გოროზიას თქმით, საქმეში არსებული მასალები ქარდავას ბრალეულობას არ ადასტურებს.

პროკურორის, დავით გუმბერიძის განმარტებით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ძირი საქმე პროკურატურაშია დარჩენილი, რაზეც აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ეს აღიარებითი ჩვენება დაგვეხმარება, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ლევან ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. რაც შეეხება დავით ქოქიაშვილსა და ილია გამგებელს, ეს პირები დანაშაულს აღიარებენ და შესაბამისად, შესაძლოა მომავალში საპროცესო შეთანხმებაზე ვიმსჯელოთ. ისევე, როგორც შამათავას განზრახ უკანონო დაკავების საქმეზე, ასევე პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ძირი საქმე პროკურატურაშია დარჩენილია და ამასთან დაკავშირებით აქტიურ საგამოძიებო სამუშაოებს ვატარებთ”, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, გამოძიების ვერსიით, ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2006 წელს დაგეგმა. რაც მიზნად ისახავდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ბადრი პატარკაციშვილის დაშინებას. ურეკის პოლიციის მაშინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას კი ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მორიგე დაცვის განეიტრალება დაევალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები