არჩილ თალაკვაძე კინზინგერს პასუხობს: აშშ საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ კინზინგერთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
თალაკვაძის თქმით, აშშ საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორია.
“კონგრესმენო კინზინგერ, მეც მოხარული ვარ თქვენთან გამართული შეხვედრით ვაშინგტონში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ, თქვენი, – როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად”,- წერს თალაკვაძე.
ცნობისთვის, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ში არჩილ თალაკვაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. კინზინგერის თქმით, “აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული, მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღწეული იყოს”.