გურამ მაჭარაშვილი: ადამ კინზინგერის განცხადებამ ჩვენი ოპონენტების სურვილი და მიზანი კიდევ ერთხელ გააქარწყლა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, კინზინგერის განცხადებამ კიდევ ერთხელ გააქარწყლა ოპონენტების მიზანი, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარისა და ქართული დელეგაციის ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტს ირონიულად უყურებდნენ.
“ადამ კინზინგერის განცხადებამ კიდევ ერთხელ გააქარწყლა სურვილი და მიზანი ჩვენი ოპონენტების, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარისა და ქართული დელეგაციის ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტს ირონიულად უყურებდნენ. მან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მყარი იქნება. კომპრომისი ორმხრივია, არ შეიძლება, ცალმხრივი იყოს. ჩვენი მხრიდან ოპოზიციის მიმართ წარდგენილია საკმაოდ ოპტიმალური შეთავაზება და ახლა უნდა დაველოდოთ იმას, ოპოზიცია რას იტყვის. დადებითია კონგრესმენების შეფასება. ასეთი სახის ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები იმას უზრუნველყოფს, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდება. სისტემატიური ვიზიტები აუცილებელია, რომ კონგრესმენებს ჰქონდეთ განცდა, საქართველო ამერიკას უყურებს, როგორც ძირითად პარტნიორს. ქვეყანა ამ კურსს არასოდეს შეცვლის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ში არჩილ თალაკვაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. კინზინგერის თქმით, “აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული, მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღწეული იყოს”.