გია ვოლსკი სააკაშვილის ინიციატივაზე: მნიშვნელობა არ აქვს, ფიზიკურად სად დაჯდება ეს ხალხი
“შტაბი არაერთი შეიქმნა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი ლეიბორისტების შტაბბინაში იკრიბება. ეს ხალხი სად დაჯდება ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასათან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე შტაბის გახსნას გეგმავს.
„ცუდია ის, თუ ახალგაზრდები, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვთ იმ მძიმე პერიოდთან, რაც სააკაშვილის დროს გადაიტანა საქართველომ, იქნებიან ამ პროცესის მონაწილე ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად სააკაშვილის შინაგანი ხასიათი და დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პოლიტიკოსია. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიაა ამ ქვეყანაში. შეიკრიბებიან, შტაბებსაც გახსნიან, შეფასება უნდა იყოს მნიშვნელოვნად უფრო სიღრმისეული, ვიდრე პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.