არჩილ თალაკვაძე: საქართველოში საინვესტიციო გარემო საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისა და ინვესტორების მხრიდან, სათანადოდაა შეფასებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიზანია, მოიძიოს ახალი საიმედო ინვესტორი, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას შეძლებს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში საინვესტიციო გარემო საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისა და ინვესტორების მხრიდან, სათანადოდაა შეფასებული.
„სახელმწიფო დეპარტამენტთან ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც აქვს დაგეგმილი ჩვენს ხელისუფლებას, მათ შორის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი, საიმედო პარტნიორი ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს მომავალშიც. მოგეხსენებათ, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკვე გამოიჩინა ამ პროექტის მიმართ, ის გამყარებულია კონსტიტუციით და მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. ამის გარდა, არის მთელი რიგი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. იცით, რომ ფოთშიც, ბათუმშიც ამერიკული მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება. მე მექნება შეხვედრები ინვესტორებთანაც და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის კეთების რეიტინგი არის სათანადოდ დანახული და შეფასებული საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისა და ინვესტორების მხრიდან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.