ვეფხვია გულედანი: ოპოზიცია სახელმწიფოს განვითარებისა და ხალხის ნაცვლად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს
„ოპოზიცია სახელმწიფოს განვითარებისა და ხალხის ნაცვლად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს”, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვეფხვია გულედანმა განაცხადა.
გულედანის თქმით, ოდირის დასკვნა ირიბად ამბობს, რომ ოპოზიცია კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის.
„ვფიქრობთ, “ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა” მკაფიოდ განმარტა ფუნდამენტური მნიშვნელობის რამოდენიმე საკითხი. უმთავრესი, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თავად იღებს გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებებზე. მეორე, რომ ეს ცვლილებები თუ ეხება საარჩევნო მოდელის ძირეულ ცვლილებას, ევროპული საუკეთესო პრაქტიკა არაა საარჩევნო სისტემის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიცვალოს… ჩვენთვის ამით ყველაფერი ნათქვამია. ოდირის დასკვნის მიღმა არის ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, კერძოდ, ოდირის დასკვნამ ოპოზიციას „ცივი შხაპი გადაასხა”, რადგან მათი დასკვნა ირიბად ამბობს, რომ ოპოზიცია განიცდის კვალიფიციური კადრების დეფიციტს, ისინი ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებაც ცდილობდნენ, რაც არ გამოუვიდათ და ახლა უკვე ეუთომ უთხრა მარტივი ჭეშმარიტება, რომ მათი ინიციტივა არ არის სახელმწიფოებრივი, რადგან თუ ფიქრობ სახელმწიფოს განვითარებაზე, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კანონმდებლობა არ უნდა შეიცვალოს. აქედან დასკვნა, ოპოზიცია სახელმწიფოს განვითარების და ხალხის ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს!”, – განაცხადა ვეფხვია გულედანმა.