კახა კუჭავა: კონგრესმენები მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ
კონგრესმენები მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული მხარე მადლიერია იმ კონტრიბუციისთვის, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიებში ახორციელებენ.
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მათგან მადლობას ისმენ იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. როგორც თვითონ ამბობდნენ გვერდიგვერდ იბრძვიან ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, არის ეს ავღანეთი თუ სხვა მისიები. რა თქმა უნდა, საკითხები, რომელიც მათ აინტერესებდათ იყო ერთ-ერთი განხილვის თემა შეხვედრებზე, არა მხოლოდ ის საკითხები, რომელიც წერილში იქნა მითითებული, არამედ სხვა საკითხებიც და ისინი მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ”,-განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები 20-მდე კონგრესმენთან და სენატორთან გამართა. მათ შორის, შეხვედრები გაიმართა ადამ კინზინგერთან, ბილ კიტინგთან, სტივ ჩაბოტთან და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებთან.
მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და მაღალი შეფასება მიეცა პარტნიორობის ყველა მიმართულებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
შეხვედრებზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამერიკელი კანონმდებლის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქართველი სამხედრობის ჩართულობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.