ზუგდიდში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებები დაიწყო.
კრებები და საჯარო კონსულტაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში და ორულუში გაიმართა. მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.