თეა წულუკიანი: ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი კანონპროექტზე – “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საუბრისას აღნიშნა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ცნება შემოდის და პროცესში არაპროფესიონალების მონაწილეობა აიკრძალება.
“ამ ფუნდამენტური რეფორმის მთავარი მიზანია, შეიქმნას ეკონომიკურად ჯანსაღი საკანონმდებლო ნორმები, რათა პრობლემების წინაშე აღმოჩენლი კომპანიისთვის შესაძლებელი იყოს რეაბილიტაციის პროცესი, ანუ პირველ რიგში მიზანი იყოს არა გაკოტრება და კომპანიის დაღუპვა, არამედ გადარჩენა და სირთულეების პროცესში, როგორც მოვალის ინტერესების დაცვა, ასევე დასაქმებული პირების ინტერესების უკეთ დაცვა, რა თქმა უნდა, კრედიტორთა უფლებების დაცულობაც.
ამასთან, გარდამავალი, ერთწლიანი პერიოდი იქნება მათთვის, ვინც დღეს ამ სფეროში საქმიანობს, მაგრამ საქმის პრაქტიკოსი ან მაღალკვალიფიციური პერსონალი ვერ არის. იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ამგვარ პრაქტიკოსთა რეესტრს, შექმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს ამა თუ იმ პრაქტიკოსს, ვინც უნდა იყოს მომავალში რეაბილიტაციის მმართველი, გაკოტრების მმართველი ან მარეგულირებელი შეთანხმების ზედამხედველი, ან თუ კომპანია მართვაში დარჩება, რეაბილიტაციის ზედამხედველი. უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, რევოლუციური ნოვაციაა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების შედეგად ურთიერთდათმობის გზით მივაღწიეთ კომპრომისს. ამისთვის იუსტიციის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროსთან მრავალთვიანი მოლაპარაკებები დაგვჭირდა/
ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის საქართველოს მთავრობა და ეს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის, რომ ხელსაყრელი გარემო შექმნას. უმოკლესი ვადებია დადგენილი სასამართლოსთვის განცხადებების განსახილველად, ასევე, მაგალითად რეგულირებული შეთანხმება რომ დამტკიცდეს, ან კონვერსია მოხდეს რეაბილიტაციიდან გაკოტრებისკენ ან პირიქით. პრაქტიკულად, უზრუნველყოფილია, რომ ყველა ჩართული მონაწილე მხარე, არამარტო სასამართლო, არამედ თვითონ მმართველი ან ზედამხედველი, კრედიტორები, მოვალე კომპანია, მართვაში დარჩება თუ არა, მოკლე ვადაში საქმიანობდეს ერთი მიზნისკენ – კომპანიის გადარჩენა, რეაბილიტაცია და მეორე ეს არის, კრედიტორთა არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური დაკმაყოფილება და უფრო სამართლიანი დაკმაყოფილება, რათა რეალურად არ მოხდეს ამ პროცედურის ვინმეს მიერ სხვის საზიანოდ გამოყენება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
ცნობისათვის, “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აღიშნული კანონი კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება.