გოგა ჩანადირი: ბუნებრივია, რომ არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენს მისალოცად პრემიერი ხვდებოდეს

“არ ვფიქრობ, რომ სწორია ადამიანის მოძულება პოლიტიკური ნიშნით ან მოწონების გამო. არ ვფიქრობ, რომ სწორია ადამიანის მოძულება მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურასთან შეხვედრის ან ფოტოს გადაღების გამო, თუ ის საქართველოს მტრის წისქვილზე არ ასხამს წყალს“, – ასე გამოეხმაურა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის მიმართ ზუკა ბერძენიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
როგორც გოგა ჩანადირი წერს, სრულიად ბუნებრივია, რომ არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენს მისალოცად პრემიერი ხვდებოდეს.
“მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რაც დააწიეს პრემიერ გახარიასთან ფოტოს გადაღების გამო, არ მომეწონა. მე არ მომწონს მოქმედი სპორტსმენების პოლიტიკაში გარევა, მაგრამ თუ გაერივნენ, არც ამის გამო ვიძულებ. ყველა ადამიანს აქვს მხარედ ყოფნის უფლება. ვერც იმის გამო გავკიცხავ სპორტსმენს, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფო ფიგურას ხვდება. ელემენტარულია, არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენს მისალოცად პრემიერი ხვდებოდეს. ლაშა ტალახაძეს ჩემი მხარდაჭერა არ სჭირდება, მაგრამ მაინც ასეთი წერილი გამომივიდა, რადგან მართლა არ მომეწონა მასზე თავდასხმა. უფრო იმათმა გამაკვირვეს, რომლებსაც პატივს ვცემ. ლაშა, წარმატებებს, არაერთ გამარჯვებასა და სიმშვიდეს გისურვებ“, – წერს სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი.
​ცნობისათვის, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს აკრიტიკებს და წერს – “ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები