“ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა”

“წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიის შექმნის პროცესში მთავრობა გამოიყენებს ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

“მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის გატარების დროს ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული. წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის შექმნის პროცესშიც ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისოს, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს საერთო მუშაობის ძალზე მნიშვნელოვანი ფორმატია და მოგიწოდებთ, თითოეულმა თქვენგანმა თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რომ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი გასულ კვირას თბილისში გამართულ დონორთა ფორუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეფორმების გატარების პროცესში.
“მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე უსაფრთხოების სფერო და რა თქმა უნდა, ღია მმართველობა. ყველა ეს მიმართულება, დონორთა კონფერენციის ფარგლებში იყო დეტალურად განხილული და ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები