წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბათუმში საჯარო ბიბლიოთეკაში აღინიშნა

აკაკი წერეთლის სახელობის, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, წიგნის  კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობას აჭარის მთავრობის წევრებმა, ქალაქ ბათუმის მერმა, პოეტებმა და მწერლებმა მიიღეს.

დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ბიბლიოთეკის აივნიდან სპეციალურად დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით, სხვადასხვა ნაწარმოებების აუდიო მოსმენა იყო შესაძლებელი.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, საჯარო ბიბლიოთეკის ახალ საგანმანათლებლო სივრცესა და სხვადასხვა განყოფილებებშიც მოეწყო. ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ ბიბლიოთეკის ფოიეში, პატარებს ანა კემპისა და სარა ოგილვის სახალისო, დაუჯერებელ ამბავი – “მარტორქები ბლინებს არ ჭამენ“ წაუკითხა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა ​აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განხორციელებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ლიტერატურულ აქტივობებში, აიღო მკითხველის ბარათი და ახალგაზრდებთან ერთად მოინახულა ახალი საგანმანათლებლო სივრცეები. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მინისტრმა მოსწავლეებს ახალგაზრდა მწერლის ანა ლაშხელი-ონიანის მოთხრობა – „ბაბუას წერილი ნინიკოს“ წაუკითხა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან “საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების” ქვეპროგრამის ფარგლებში, ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსებას ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების ლიტერატურით. 120 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა წიგნადი ფონდით. პროგრამა გრძელდება 2020 წელსაც და ახალი მხატვრული ლიტერატურა 15 სკოლას გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები