ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ველოდებით, რომ ოპოზიციის პასუხი იქნება კონსტრუქციული
“ჩვენ წარდგენილი გვაქვს შეთავაზება 100/50 და ველოდებით პასუხს ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციების გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ოპოზიციასთან, უახლოეს მომავალში გაიმართება.
„როდესაც პარლამენტში ვიკრიბებით, როგორც წესი, განიხილება ხოლმე მიმდინარე საკითხები. თუ არის განსაკუთრებული შემთხვევა, განსაკუთრებული თემები, ამ შემთხვევაში, ვიკრიბებით გაფართოებულ ფორმატში პარტიის ოფისში. სამწუხაროდ, ვერ ვესწრებოდი სხდომას, თუმცა ბუნებრივია, განხილული იყო ყველა მიმდინარე თემა, მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხიც. ოპოზიციურ პარტიებთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს, მეხუთე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება და ბუნებრივი, ესეც იქნებოდა ერთ-ერთი განსახილველი თემა.
ჩვენ წარდგენილი გვაქვს შეთავაზება 100/50 და ველოდებით პასუხს ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციების გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი. კონსულტაციები ზოგადად აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ველოდებით, რომ ოპოზიციის პასუხი იქნება კონსტრუქციული, რაც მოგვცემს შეთანხმების მიღწევის საშუალება. ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს. მთავარია, ყველა მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.