სერგეი ლავროვი: რუსეთი ნატოს სწავლებას ევროპაში უყურადღებოდ არ დატოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთს ნატოს სამხედრო სწავლებაზე რეაგირება ექნება, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე გაიმართება.

ამის შესახებ ლავროვმა „რუსული გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამაზე რეაგირება, რასაკვირველია, გვექნება. იმ პროცესების იგნორირებას ვერ მოვახდენთ, რომლებიც დიდ შეშფოთებას იწვევენ, მაგრამ რეაგირებას იმდაგვარად მოვახდენთ, რომ არასასურველი რისკები ავირიდოთ“,-განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ნატო ერთობლივ სწავლებაში, ევროკავშირში გაწევრიანების მოტივით, ნეიტრალურ ქვეყნებს „ითრევს“, როგორებიც არის ფინეთი, შვედეთი.

„ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში „სამხედრო შენგენის“ ტერმინი მოიგონეს, რომელიც ყველა სატრანსპორტო კვანძის მოდერნიზებას გულისხმობს, ალიანსის აღმოსავლეთის საზღვრების ჩათვლით იმდაგვრად, რომ ნებისმიერი მძიმე ტექნიკა აღმოსავლეთში შეუფერხებლად მოხდეს. უნდა მიხვდნენ ამგვარი თამაშების საფრთხეს. რა თქმა უნდა, ამას უნდა ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, აპრილ-მაისში დაგეგმილი სწავლება Defender-ის დროს, ევროპაში განთავსებულ სამხედრო კონტინგენტს, დამატებით აშშ-ის სამხედრო ტექნიკის 30 ათასი ერთეული შეემატება და 20 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო, ჯამში, სწავლებაში 40 ათასზე მეტი მიიღებს მონაწილეობას.

„ის ვინც მსგავსი აბსოლუტურად გაუმართლებელი სწავლებების პროვოცირებას ახდენს, სურს, რომ პასუხი მიიღონ, რომ შემდგომ დაძაბულობამ იმატოს. მაგრამ, არც ისე უმნიშვნელოა ის ასპექტი, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ნატოელების მხრიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, ვაკეთებთ საკუთარ ტერიტორიაზე. ისევე როგორც ჩვენი ბირთვული იარაღი ჩვენს ტერიტორიაზეა, ამერიკული ბირთვული იარაღისგან განსხვავებით“,- განმარტა ლავროვმა.

ნატო ევროპაში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას Defender Europe 2020 გაზაფხულზე ჩაატარებს, რომლის ფარგლებში, აშშ ევროპაში 20 ათას სამხედროს გაგზავნის.

სწავლებაში ჯამში, ნატოს 18 და მოკავშირე ქვეყნების 37 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

სწავლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თებერვალში დაიწყება, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი მაისში და ივნისში გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში გაიმართება.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

მისი თქმით, აშშ-მა დადგენილი წესების შესაბამისად, სწავლების გამართავსთან დაკავშირებით რუსეთს ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები